ქოუჩინგი - ეფექტური ტექნიკა სტრესთან გამკლავებისთვის

31 .03 .2020

ქოუჩინგი - ეფექტური ტექნიკა სტრესთან გამკლავებისთვის

სტრესთან გამკლავება ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ დღეს, კორონა ვირუსთან ბრძოლის დროს, როდესაც კარანტინის პირობებში გვიწევს შევეგუოთ ახალ რეალობას, კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ვისწავლოთ როგორ გავუძლოთ სტრესულ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ პატარა სტატია იმაზე, თუ როგორ გვეხმარება ქოუჩინგი ამ გამოწვევის გამკლავებაში.
თანამედროვე ცხოვრებაში, სტრესი, ჩვენი განუყოფელი ნაწილია. ფსიქოლოგების კვლევების მიხედვით გამოკითხული რესპოდენტების თითქმის ¾ ფიქრობს რომ მისი სტრესის დონე ბოლო 5 წლის მანძილზე გაიზარდა ან მათი მდგომარეობა საერთოდ არ გაუმჯობესებულა. ყველაზე ხშირად, სტრესის მიზეზი გამოწვეულია ფინანსური მდგომარეობის, სამსახურის, ჯანმრთელობის, ოჯახში ან პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების გამო, დღეს კი ამ ყველაფერს ემატება იძულებით სახლში ჯდომა და მოლოდინი იმისა, თუ როდის დავუბრუნდებით ჩვეულ რითმს და თავისუფლად ცხოვრებას, რაც თავისთავად ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს.
სტრესისგან გამოწვეული შედეგები, ჩვენს პროდუქტიულობაზეც უარყოფითად აისახება. ჩვენ ვართ უფრო მეტად გაღიზიანებულები, გაბრაზებულები, ვკარგავთ მოთმინების უნარს ძალიან მარტივად,  ვერ ვახერხებთ კონცენტრირებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
თუმცა საბედნიეროდ, არსებობს ქოუჩინგში 5 ნაბიჯი რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სტრესი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქოუჩინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ხელმძღვანელებს ეხმარება მარტივად დაადგინონ სტრესის გამომწვევი მიზეზები და იპოვონ მისი შემცირების ან აღმოფხვრის გზები.
  • როგორ შეუძლია ქოუჩინგს შეამციროს ტრესი?
    უკეთ გეცოდინებათ როგორია თქვენი რეაქცია სტრესზე. როდესაც სირთულეს აწყდებით, სტრესის ჰორმონი მოიცავს თქვენს ნერვულ სისტემას და თქვენდაუნებურად გამოგიმუშავდებათ რეაქცია „იბრძოლე ან გაიქეცი“. თქვენი ტვინი აიდენტიფიცირებს საფრთხეს და რთავს განგაშს რომელიც გაიძულებთ აირჩიოთ ორი გზიდან ერთი: შეხვდეთ პირისპირ საფრთხეს ან მოძებნოთ გადარჩენის გზა.
  • სწრაფად მოახდენთ ამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაქციების იდენტიფიცირებას ეს კი პირველი ნაბიჯებია სტრესის გასამკლავებლად.
  • სწრაფად გაარკვევთ იმ მიზეზებს, რომლებიც გაყენებენ სტრესულ მდგომარეობაში- იმისათვის, რომ მოახერხოთ სტრესის კონტროლი უფრო სიღრმისეულად უნდა დაფიქრდეთ მის გამომწვევ მიზეზებზე. ქოუჩინგის სესიის პროცესში თქვენ გაიგებთ რატომ, როდის და რა გაგდებთ სტრესულ სიტუაციაში, იქნება ეს სხვადასხვა გარე ფაქტორი თუ ადამიანები თქვენს გარშემო. გარდა ამისა, ქოუჩინგი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რა გავლენას ახდენს თქვენი მართვის სტილი კომპანიაზე და არის თუ არა ის სტრესის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი.
  • გაიგებთ თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ფიქრები, განწყობა და ენერგია. თქვენი ფიქრები ახდენენ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ენერგიაზე და შედეგებზე. ხშირად ადამიანები მთელ დღეს ატარებენ სტრესში და სრულიად უმიზეზოდ. პროფესიონალი ქოუჩი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რატომ ვარდებით ამ სტრესულ სიტუაციაში და როგორ უნდა აიცილოთ ის თავიდან, ასევე სესიის დროს შეძლებთ აღმოაჩინოთ თქვენს თავში ის ენერგია და ძალა რომელიც შესაძლოა დავიწყებულიც კი გქონდეთ; მათი გაცნობიერება დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში და ემოციური სტაბილურობის მიღწევაში.
  • ისწავლით სტრესის მართვის ტექნიკებს - ქოუჩინგი დაგეხმარებათ ისწავლოთ თუ როგორ შეგიძლიათ თქვენს ტვინს და სხეულს მოუხსნათ ზედმეტი დაძაბულობა და შეძლებისდაგვარად დაუბრუნდეთ მშვიდ მდგომარეობას. ქოუჩინგის გამოყენებით შეძლებთ სხვა რაკურსით შეხედოთ მოვლენებს და დაინახოთ ახალი პერსპექტივები. ამ ტექნიკებში შედის: მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, ვიზუალიზაცია და სხვა პრაქტიკული სავარჯიშოები. მენეჯერები, რომლებიც დღეში 5 წუთს მაინც უთმობენ მედიტაციას, სხვებზე უფრო მარტივად გადააქვთ სტრესით გამოწვეული უსიამოვნებები. მათ შესწევთ უნარი მეტი სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან და გარშემომყოფებთან აყალიბებენ პოზიტიურ კომუნიკაციას.
 
ქოუჩინგი გაძლევთ შესაძლებლობას, განავითაროთ თქვენი კარიერა, ბიზნესი, ცხოვრება და ურთიერთობები. სტრესის შემცირება კი ერთ-ერთი უპირატესობაა რომელიც დიდ გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. დღეს, ამ პრობლემის გადაჭრა, დაგეხმარებათ უკეთ იპოვოთ გზები პრობლემების მოსაგვარებლად რომლებსაც შეხვდებით მომავალში.

წყარო: https://www.jodymichael.com/